Saturday, November 18, 2017

პტოლემაიოსების დედოფალთა პორტრეტული გამოსახულებანი საქართველოდან. გლიპტიკური ძეგლების მიხედვით

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გლიპტიკის ფონდის კოლექციებში მრავალი საინტერესო ძეგლია დაცული, რომელთა შორის როგორც თავისი ისტორიული, ისე მხატვრული ღირებულებით პორტრეტული გამოსახულებებით შემკული ფარაკიანი ბეჭდები და გემები გამოირჩევა. საგულისხმოა, რომ კოლექციები მუდამ სამეცნიერო კვლევისა და ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენდა და სხვადასხვა მუზეუმში დაცული არტეფაქტების შესწავლის პროცესმა საგრძნობლად შეუწყო ხელი მეცნიერების განვითარებას. 
სტატიაში თავმოყრილი და განხილულია პტოლემაიოსების დედოფალთა პორტრეტული გამოსახულებანი საქართველოში გამოვლენილი გლიპტიკური მასალის მიხედვით. გლიპტიკურ ძეგლთა ერთი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო ლიტერატურაში, გამოქვეყნებული მასალა კი, რამდენიმე შემთხვევაში, ახლებულად იქნა ინტერპრეტირებული. აღსანიშნავია, რომ ელინისტურ პორტრეტთა იდენტიფიკაცია საკმაოდ რთულია, რადგან პორტრეტები გაიდიალიზებულია და ხშირად მოკლებულია ინდივიდუალურ, დამახასიათებელ ნიშნებს. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თმის ვარცხნილობას, თავსაბურავსა თუ სხვა დეტალებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია დადგენა არა მხოლოდ პორტრეტის ეპოქისა, არამედ პიროვნებისა. სამეფო წრის პერსონათა პორტრეტების დასადგენად ფასდაუდებელია მონეტათა ავერსებზე წარმოდგენილი გამოსახულებანი. 

სანამ უშუალოდ საკვლევ თემაზე გადავალ, მინდა მოკლედ განვიხილო გლიპტიკური კოლექციებისა და ზოგადად გლიპტიკის მნიშვნელობა მეცნიერებაში. გლიპტიკა-ძვირფას დ ნახევრად ძვირფას ქვებზე (აგრეთვე ლითონზე, ძვლასა და მინაზე) გამოსახულების ამოჭრის ხელოვნებაა. გლიპტიკურ ძეგლთა დანიშნულება სამგვარია. გამოიყენებოდა როგორც სამკაული, ავგაროზი ან საბეჭდავი. გლიპტიკა ხელოვნების ის დარგია, რომლის გავრცელება საქართველოში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული გარესამყაროსთან ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე. ამდენად, გლიპტიკური ძეგლები წარმოადგენს მნიშვნელოვან მატერიალურ წყაროს საქართველოს მოსახლეობის მატერიალური და კულტურული დონისა, ასევე გარე სამყაროსთან ქვეყნის ურთიერთობის საკითხის შესწავლისათვის. გლიპტიკური ძეგლების კვლევას: გამოსახულების იდენტიფიკაციასა და დათარიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს  ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების, ნუმიზმატებისა თუ არქეოლოგებისათვის. 
სტატიაში განხილული გლიპტიკურილურ, დამახასიათებელ ნიშნებს, მწყვეტი მნი/საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული. ოშტა პორტრეტული გამოსახულებით შემკულ ძეგლები დათარიღებულია გამოსახულების სტილისა და ბეჭდის ფორმის მიხედვით. შედარებითი ანალიზის საფუძველზე კი განსაზღვრულია პორტრეტული გამოსახულება. 
პტოლემაიოსების სამეფო ერთადერთი ელინისტური სამეფოა, საიდანაც დიდი რაოდენობით მოაღწია ჩვენამდე მანდილოსანთა სამეფო პორტრეტებმა. ამის მიზეზი კი აქ დედოფალთა მნიშვნელოვანი როლი და ძალაუფლება გახლდათ. არსინოე II-ის დროიდან მოყოლებული ეგვიპტეში, სამეფოს მართვაში, დედოფლის მონაწილეობა და სიკვდილის შემდეგ გაღმერთება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ბერენიკა I და არსინოე II იყვნენ პირველი მანდილოსნები, რომელთაც წილად ხვდათ პატივი მონეტებზე გამოსახვისა (ჯავახშვილი, 2003:79). 
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის გლიპტიკის ფონდში ინახება ბრინჯაოს ორი ფარაკიანი ბეჭედი, რომლებზეც მანდილოსანთა ბიუსტებია გამოსახული პროფილში. ორივე ბეჭედი შეძენილია 1951 წელს.
საბეჭდავი ბეჭედი ბრინჯაოსი (საინვ.№750), ფარაკიანი. ინტალიო ოვალურია და ვიწრო რკალში გადადის. რკალს გარედან, სიგრძივ, დაუყვება მკრთალი წახნაგი. შიდაპირი ბრტყელია. ბეჭდის ფარაკი სქელია, ზურგი ოდნავ ჩადრეკილი აქვს და დაუყვება წახნაგი.
პირზე გამოსახულია ქალის თავი პროფილით, მარჯვნივ. ინტალიოს ზედაპირი დაზიანებულია. ამიტომ სახის ნაკვთების გარკვევა რთულია. განირჩევა შებერილი ლოყა და მაღალი შუბლი. ქალს საკმაოდ დამახასიათებელი ვარცხნილობა აქვს. ტალღოვანი თმა, თავს ირგვლივ ჩახვეული და უკან გადავარცხნილი, კისერზე პატარა, ჩახვეული შინიონით მთავრდება. თავს უმკობს სადა დიადემა, რომლის ბოლოები ძირსაა ჩამოშვებული.
ბეჭდის ფორმა ტიპურია ძვ.წ. III-II სს-სთვის. წარმოდგენილი გამოსახულება ეგვიპტის დედოფლის-არსინოე III-ის პორტრეტულ გამოსახულებად მივიჩნიე დედოფლისთვის დამახასიათებელი ტიპური ვარცხნილობის გამო. მასთან ახლოს დგას ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ფარაკიანი ბეჭდების ჯგუფი. მათზე დედოფალი დიადემითაა წარმოდგენილი (Неверов О.Я. 1974: 113. рис. 17ა, 19ა, 20ა).
აღსანიშნავია გრანატის რამდენიმე ინტალიო არსინოე III-ის გამოსახულებებით. ისინი ახლოს დგას ჩემს მიერ განხილული ფარაკიანი ბეჭდის გამოსახულებასთან. მათგან საგულისხმოა ინტალიო ტრაპიზონიდან, სადაც დედოფალი დიადემითაა წარმოდგენილი (Middleton S.E.H. 2001: 14. fig.4), ინტალიო კუნძულ კოსიდან 
(Zwierlein-Diehe E. 1973: 43. fig. 32)  და ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ინტალიო ( Richter G. 1968: fig. 383; Walters H.B. 1962: fig. 1186). 
ბეჭედი ბრინჯაოსი (საინვ. №741), ფარაკიანი. Oოვალური, ფართო ფარაკი გადადის რკალში, რომელიც გადასვლის ადგილას ფართოა, ხოლო შემდეგ ოდნავ ვიწროვდება.
ფარაკზე გამოსახულება მაღალი რელიეფითაა მოცემული, კამეოა. გამოსახულია ქალის ბიუსტი პროფილით, მარჯვნივ. ბეჭედი ჩამოსხმულია და დეტალები საჭრისით არაა დამუშავებული. ამიტომ გამოსახულებას სიმკვეთრე აკლია და ზოგიერთი დეტალის გარჩევა რთულდება. 
მანდილოსანს თავი ოდნავ აწეული აქვს. განირჩევა შებერილი ლოყა, ფართოდ გახელილი თვალი, ოდნავ კეხიანი ცხვირი, მრგვალი ნიკაპი და სქელი კისერი. მხარი ქიტონით უნდა ჰქონდეს შემოსილი. სავარაუდოდ, თმა თავს ირგვლივაა ჩახვეული. თავს თითქოს დიადემა უმკობს, რომლის ერთი ბოლო ძირსაა ჩამოშვებული. 
ბეჭდის ფორმა ტიპურია ძვ.წ. III-II სს-სთვის (Неверов О. 1974: 113. рис №12 б;  Spier J. 1992: 49. fig. 90).
ბეჭედზე, ვფიქრობ, გამოსახულია არსინოე III. თმის ვარცხნილობა და სახის ნაკვთები: კეხიანი ცხვირი, შებერილი ლოყა, ფართო კისერი, მსგავსებას ამჟღავნებს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მოპოვებული ფარაკიანი ბეჭდის გამოსახულებასთან (Неверов О.Я. 1974: 113. рис. 17а), ასევე ბრინჯაოს ქანდაკებასთან ქ. მანტუიდან ( Sharrar B.B. 1985:692. pl.83. fig. 8,9). Dდედოფლის გორის არქეოლოგიურ ძეგლზე გამოვლენილია თიხის ბულა, რომელზეც სავარაუდოდ არსინოე III-ის პორტრეტია გამოსახული (ჯავახიშვილი 2003:79). თიხის ბულის აღმოჩენა მანიშნებელია იმისა, რომ გარდა გემების ავგოროზებად და სამკაულებად ხმარებისა, მათ დიდი პრაქტიკული დანშნულება ჰქონდა და ხშირად იყენებდნენ როგორც საბეჭდავს. 
ჩვენ მიერ განხილული ბეჭდები ერთიანდება ე.წ. პტოლემაიოსების ბეჭდების ჯგუფში. მათში შედის მრავალი ნიმუში ლითონის ფარაკიანი ბეჭდებისა, რომელთა ერთი ნაწილი ინტალიოებია, ხოლო მეორე_კამეოები (შპიერ ჟ, 1992: 48).
მსგავსი ფარაკიანი ბეჭდები ჯერჯერობით დეტალურად შეუსწავლელია. ფარაკიანი ბეჭდების ეს ტიპი ყველაზე უკეთ განხილულია ო.ნევეროვის ნაშრომში. მან გამოაქვეყნა მსგავსი ბეჭდების სხვადასხვა ტიპი, მოპოვებული ჩრდილოეთ შავი ზღვის სანაპიროებიდან (Неверов О.Я. 1974: 106-115).
ნევეროვს მიაჩნია, რომ შავიზღვისპირეთის სამაროვანზე გამოვლენილი ძვ.წ. III-II სს-ის ფარაკიანი ბეჭდები პტოლემაიოსების მმართველთა გამოსახულებებით გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ ეგვიპტური კულტურის გავრცელება ამ რეგიონში ადრეული ელინისტური პერიოდიდან, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყო ვაჭრებსა და მეზღვაურებთან (Middleton S. 2006: 15).
 არსინოე III ფილოპატორი (ძვ.წ. 246/245-204 წწ.) იყო შვილი პტოლემაიოს ევერგეტისა და ბერენიკა II-სი. იგი ცოლად გაჰყვა თავის ძმას, პტოლემაიოს IV ფილოპატორს (ძვ.წ. 221/220 წწ.) და გახდა ეგვიპტის დედოფალი. არსინოე იყო გავლენიანი პიროვნება სამეფოში და აქტიურად მონაწილეობდა სამეფოს მართვაში. პტოლემაიოს ეპიფანეს დროს, ძვ.წ. III ს-ის დასასრულ, არსინოე III გააღმერთეს. მალევე, ძვ.წ.204-203 წწ-ში, გაჩნდა მონეტები მისი გამოსახულებებით (Morkholm,1991:110). მათგან ჩვენთვის საინტერესოა ოქტოდრაქმები ალექსანდრიიდან, სადაც დედოფალი ვუალის გარეშეა წარმოდგენილი ისე, როგორც ჩვენს ბეჭდებზე (Morkholm O. taf. XX. fig. 322; Kyrieleis 1975: 102-103, tab. 88(3)).
გარდა განხილული ფარაკიანი ორი ბეჭედსა, რომელიც უპასპორტოა, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად პტოლემაიოსების დედოფალთა გამოსახულებიანი ორი ინტალიოა მოპოვებული.  მათგან ერთი, ფარაკიანი ბეჭედი, გამოვლენილია ფიჭვნარის ელინისტური სამაროვნის გათხრისას (კახიძე 2014:163). თმის ვარცხნილობა ე.წ. მელონენფრისურ-ია. დედოფალს თმა უკან გადავარცხნილი და შეკრული აქვს. შესაკრავის ბოლოები ძირსაა დაშვებული. ყელს მძივი უმშვენებს.  ავტორთა აზრით, ინტალიოზე პტოლემაიოსთა ეგვიპტის დედოფალი, ბერენიკა I უნდა იყოს გამოსახული (კახიძე 2014:162). ბორდმანს გამოქვეყნებული აქვს ბერენიკე I-ის პორტრეტული გამოსახულება, რომელმაც მისი განსაზღვრა მონეტაზე გამოსახული პორტრეტით მოახდინა  (Boardman 1978: 78, fig. 282), სწორედ ეს პორტრეტული გამოსახულება აქვთ ავტორებს პარალელად მოყვანილი. ვფიქრობ, ფიჭვნარში აღმოჩენილი ინტალიო სრულიად არ ჰგავს ბერენიკე I ის პორტრეტულ გამოსახულებას და მეტად შესაძლებელია ინტალიო ბერენიკე II ის პორტრეტს წარმოადგენდეს (ძვ.წ.266-221). მსგავგამოსახულებიანი ფარაკიანი ბეჭდები განხლილული აქვს ო. ნევეროვს, რომელიც თვლის რომ ინტალიოზე ბერენიკე II უნდა იყოს გამოსახული. საინტერესოა, აგრეთვე, გემა ბალტიმორიდან, რომელსაც მკვლევარი რიხტერი ბერენიკე II ის პორტრეტად მიიჩნევს (Richter 1968: N636). ჩვენს მიერ განხილულ პორტრეტს ასევე ძალიან ემსგავსება ბორდმანის მიერ გამოქვეყნებული და ბერენიკე II ეს პორტრეტად მიჩნეული გემა  (Boardman 1978: N287). ასევე ფარაკიანი ბეჭდები ბრიტანეთის მუზეუმიდან. 
დედოფლის გორის სასახლის N№1 ოთახში გამოვლენილია გრანატის გემიანი ბეჭედი.  ინტალიოზე გამოსახულია ახალგაზრდა მანდილოსანის ბიუსტი პროფილში. მანდილოსანს თავს უმშვენებს მაღალი დიადემა (შტჰეპანე). ტალღოვანი თმა უკან აქვს გადავარცხნილი, თავს ვუალი უფარავს. მკვლევრის, ქეთევან ჯავახიშვილის აზრით, გემაზე პტოლემაიოსების დედოფალი არსინოე II (ძვ.წ. 316-260?) უნდა იყოს გამოსახული (ჯავახიშვილი 2003:77). არსინოე II-ის გამოსახულებიანი გემები მრავლადაა ცნობილი, თუმცა ყველა ისინი განსხვავდებიან ამ დედოფლის სამონეტო პორტრეტებისგან.  მხოლოდ დედოფლის გორის გრანატის გემა არის სავსებით იდენტური მონეტებზე აღბეჭდილი არსინოე II-ის პორტრეტებისა. ცნობილია დეკადრაქმები, ოქტოდრაქმები და ტეტრადრაქმები, რომელზეც არსინოე II არის გამოსახული. თამამად შეიძლება ითქვამს, რომ დედოფლის გორის გემა დღეისათის ცნობილი არსინოე II-ის ერთადერთი უტყუარი პორტრეტული გამოსახულებაა ელინისტური ხანის გლიპტიკურ ძეგლებზე. გემაცა და ბეჭედიც ძვ.წ. III საუკუნით თარიღდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ გემიანი ბეჭედი ძვ. წ. I- ახ. წ I საუკუნის ფენიდან მომდინარეობას. მკვლევარი, ქეთევან ჯავახიშვილი, პტოლემაიოსების პორტრეტული გემების გაჩენას ქართლში, ამიერკავკასიაში მარკუს ანტონიუსის საქმიანობას უკავშირებს, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ლაგიდების კართან. Aანტონიუსმა ძვ.წ. 36 წელს ქართლში პუბლიუს კანიდუს კრასუსი გამოაგზავნა, რომელსაც საფიქრებელია, რომ იბერიასთან მოკავშორეობის მისაღწევად საჩუქრების გაღება დასჭირდა.  პტოლემაიოსების კარზე მიღებული იყო დაახლოებულ პირთა, პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა, მსახურთა და სხვათა დასაჩუქრება მეფეთა და დედოფალთა პორტრეტებიანი ბეჭდებით (ჯავახიშვილი 2003:76).
ხშირად სიძველე უპირატესობის მნიშვნელობით იხმარება. ისტორიული სიძველე, ისტორიული ფესვების რაც შეიძლება შორეულ წარსულში გადატანა ხელს უწყობს იდენტობის ლეგიტიმურობის გამყარებას. 
არსინოე II-ის პორტრეტის ორი საუკუნით გვიან გამოყენება დიპლომატიური საჩუქრის მიზნით, თვალნათლივი საბუთია იმისა, თუ როგორ მჭიდროდ იყო პტოლემაიოსების სამეფო დაკავშირებული წარსულთან და ორი საუკუნის წინ გარდაცვლილი დედოფლის მნიშვნელობა კვლავაც დიდი იყო სამეფოში.   
კიდევ ერთი ელინისტური პორტრეტი, სარდონიქსის კამეოა დაცული შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. პორტრეტული გემა მეჯვრისხევის X საუკუნის ხატს ამშვენებს (Amiranashvili 1971:156). კამეოზე გამოსახულია ქალის თავი პროფილში მარჯვნივ. თავს დიადემა და ლოტოსის ორი ყვავილი უმკობს. კამეოზე გამოსახულია პტოლემაიოსების დედოფალი წარმოდგენილი ქალღმერთ ისიდას სახით. დედოფლის ვინაობის დადგენა რთულია. ო.ნევეროვი თვლის, რომ ერმიტაჟში დაცული მსგავსგამოსახულებიანი კამეო კლეოპატრა I ის პორტრეტულ გამოსახულებას უნდა წარმოადგენდეს (Неверов 2004:94). მსგავსგამოსახულებიანი კამეო რომელიც ინახება ოქსფორდში, ბორდმანი და ვოლენვეიდერი, კლეოპატრა I ის გამოსახულებად მიიჩნევენ  (Boardman 1978:#290).  მსგავსგამოსახულებიანი გემებია დაცული ფლორენციაში, ლონდონსა და ამსტერდამში. კლეოპატა I (ძვ.წ. 150-121 წწ) იყო ცოლი პტოლემაიოს V ისა. ის მონეტებზე ხშირად გამოისახებოდა როგორც ღვთაება ისიდა (Grose 1929:#7,8,10). ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია მეჯვრისხევის ხატზე არსებული კამეო კლეოპატრა I ის გამოსახულებას წარმოადგენდეს. 
კამეოს წარმომავლობა უცნობია. სავარაუდოდ, ძვ.წ. II საუკუნის გლიპტიკური ძეგლი ოჯახის რელიქვიას წარმოადგენდა და მოგვიანებით მეჯვირსხევის ხატს შესწირეს. ელინისტური პერიოდის პორტრეტული კამეო მოვიდა ჩვენამდე არა მისი პირველადი მნიშვნელობით, არამედ როგორც მომხიბვლელი ნივთი, რომელიც ხატის გასაფორმებლად გამოუყენებიათ. 
ამრიგად, კველამ აჩვენა, რომ საქართველოში პტოლემაიოსთა ოთხი დედოფლის ექვსი პორტრეტული გამოსახულება მოგვეპოვება (არსინოე II, ბერენიკე II, არსინოე III, კლეოპატრა I). განხილული გლიპტიკური ძეგლები ელინისტური პორტრეტების შესანიშნავი ნიმუშებია, რომლებიც ერთგვარად ავსებს პტოლემაიოსების დედოფლების ჩვენამდე მოღწეულ პორტრეტულ გამოსახულებათა მცირე ჯგუფს. მათ აღმოჩენასა და კვლევას, ერთის მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ელინისტურ თუ რომაულ სამყაროსთან ურთიერთობების შესწავლისათვის, მეორეს მხრივ, პტოლემაიოსთა დინასტიისა თუ, კერძოდ, პორტრეტული გამოსახულებებით დაინტერესებული მკვლევრებისათვის.

No comments:

Post a Comment